ბათუმში მაისის ბოლოს მანდატურთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) აღმასრულებელმა დირექტორმა მო კანადიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ სკოლებში მანდატურების შესვლის შემდეგ მშობლებს შვილების უსაფრთხოების გარანტია აქვთ, რადგან ქართველმა მანდატურებმა სკოლებში დისციპლინის დამყარება შეძლეს.
„დაგეგმილია ქართველი მანდატურების აშშ-ში სასწავლებლად გამგზავრება. ასევე, შესაძლებელია ამერიკელი მანდატურები ჩამოვიდნენ საქართველოში და აქაურ სიტუაციას გაეცნონ“ - განაცხადა მო კანადიმ.
სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაცია (NASRO) ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წელს შეიქმნა. მასში დაახლოებით 600 ორგანიზაციაა გაერთიანებული.
2012 წლის თებერვალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურების სამსახური ამერიკის სკოლის მანდატურის ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) წევრი გახდა.

















