განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ რეფორმაზე მუშაობენ.
როგორც "ნიუსპრესს" განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ექსპერტები მეცხრე კლასში ცენტრალიზებული საატესტატო გამოცდების შემოღებისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის საკითხებზე მუშაობენ.
ახალი სისტემით, სკოლის მოსწავლეებმა, რომლებსაც 8 საატესტატო და 4 ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება უწევთ, შესაძლოა, 8 საატესტატო და მხოლოდ 1 ან 2 ეროვნული გამოცდა ჩააბარონ.
სამინისტროში გამოცდების ახალი სისტემის დანერგვის კონკრეტულ ვადებზე ჯერ არ საუბრობენ.
განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, რამდენიმე სკოლა ტესტურ რეჟიმში უკვე ამოწმებს მეცხრე კლასში საატესტატო გამოცდებს. 2014-2015 წლისთვის მე-9 კლასის ცენტრალიზებული გამოცდები შესაძლოა, ყველა სკოლაში დაინერგოს.
მინისტრის განმარტებით, სამ წელიწადში "საერთაშორისო ბაკალავრიატის" წინასაუნივერსიტეტო ორწლიანი პროგრამა დაინერგება, რომლის გავლის შემთხვევაში, საქართველოს სკოლის მოსწავლეები ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტში შეძლებენ ჩაბარებას.

















