თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სამეცნიერო კონფერენციის მსვლელობისას, რომელიც დღეს თსუ-ში გაიმართა თემაზე - "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი სამართლებრივი ასპექტები", ყურადღება გამახვილდა კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ლტოლვილთა უფლებების საკითხზე პოსტ-კონფლიქტურ რეგიონებში.
კონფერენციაზე ასევე საუბარი იყო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკაზე, სავაჭრო პოლიტიკის რეფორმირებაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონტექსტისა და ევროკავშირის გაფართოების პროცესის გათვალისწინებით.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა გახსნა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი თომას კრუსმანი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.
ქართველ მეცნიერ-სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის, მონტენეგროს, სერბეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, მოლდოვას სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მასალები ელექტრონული ჟურნალის სახით დაიბეჭდება.
კონფერენცია თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და გრაცის უნივერსიტეტს შორის ერთი წლის წინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიება ავსტრიის სტირიის ადგილობრივმა მთავრობამ დააფინანსა.

















