არასამთავრობო ორგანიზაციებმა "გარმოს დაცვის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტს წერილით მიმართეს.
წერილში ორგანიზაციები "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ და პრეზიდენტს აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვენ.
აღნიშნულ საკითხზე მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს ბრიფინგზე განაცხადეს.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტის ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, მიღებული ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულ პირს, რომელიც ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ხელშეკრულებას გააფორმებს, გარემოს დაცვის კუთხით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
"აქ შეკრებილი არასამთავრობოები მოვითხოვთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწეროს, რადგან ეს იქნება ერის წინაშე ჩადენილი დანაშაული" - განაცხადა მჟავანაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, არასამთავრობოები და გარემოსდამცველები სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

















