"თავისუფალი დემოკრატები" თბილისში დასუფთავების გადასახადის გადახდის სისტემის შეცვლას ითხოვენ. აღნიშნულის თაობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წევრმა
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დენის ტარიფზე მიბმული დასუფთავების მოსაკრებელი მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება და ამას NDI-ს კვლევებიც მოწმობს.
"როდესაც იყო მკაცრი ზამთარი და ყინვები მივმართეთ თბილისის მერიას და გიგი უგულავას, დასუფთავების მოსაკრებელი გაუქმებულიყო, თუმცა, მათ ეს ყურად არ იღეს. დღეს კიდევ ერთხელ მივმართეთ საკრებულოს, რომ გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, თბილისის მერია ვალდებულია გააუქმოს უსამართლო ტარიფი და თუნდაც სულადობრივი გადასახადი დააწესოს.
აბაშიძის განცხადებას თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტარიფთან დაკავშირებით ცვლილებების გადახედვა არ არის დაგეგმილი.

















