ნიდერლანდებში, ლაიდენის უნივერსიტეტში დღეს ქართული ენის, კულტურის და საზოგადოების კათედრა გაიხსნება.
კათედრის გახსნას ლაიდენის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია დაესწრებიან.
უნივერსიტეტში ქართული ლინგვისტიკის, კულტურის, რელიგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში ლექციებს თსუ-ის პროფესორებთან ერთად და სხვა ქართველი მეცნიერებიც წაიკითხავენ.
პროფესორობის პირველ კანდიდატს თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი წარადგენს.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს კათედრის გახსნა ლაიდენის უნივერსიტეტის სტუდენტებში, პროფესორ-მასწავლებლებში და ასევე, ნიდერლანდების სამთავრობო და ბიზნესწრეებში საქართველოს შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ლაიდენში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 24 მარტამდე გაგრძელდება. დელეგაციის შემადგენლობაში თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე არიან.

















