კომპანია „თელასმა“ დღეს ახალი ბიზნეს ცენტრი „დიდუბე-ჩუღურეთი“ გახსნა.
ბიზნეს ცენტრის გახსნას ენერეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „ინტერ რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ესწრებოდნენ.
ახალი ბიზნეს ცენტრი, რომელიც 59,5 ათასზე მეტ აბონენტს მოემსახურება, აბონენტთა მომსახურების ცენტრების „ჩუღურეთის“, ასევე „დიდუბის“ და „ოქროსუბნის“ ნაწილების გაერთიანებით შეიქმნა.
კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს ბიზნეს ცენტრში შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ამავე შენობაში განთავსებულია საექსპლოატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე.
ამ დროისთვის დედაქალაქში ხუთი ბიზნეს ცენტრი - „ვაკე-ვერა“, „საბურთალო“, „მთაწმინდა-კრწანისი“, „გლდანი“ და „ისანი“ მოქმედებს.