"ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის მერიას მოუწოდებენ საქალაქო ტრანსპორტის ზედამხედველებზე კონტროლი გაამკაცრონ.
ამასთან დაკავშირებით დღეს საკრებულოს "ქრისტიან დემოკრატმა" წევრმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში "ქრისტიან დემოკრატების" პარტიაში არაერთი საჩივრის წერილი შევიდა მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ავტობუსების კონტროლიორთა მხრიდან უსამართლო მოპყრობაზე საუბრობენ.
მისივე ინფორმაციით, მერიის ტრანსპორტის სამსახურის მხრიდან კონტროლიორთა გააქტიურება, სავარაუდოდ, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
"უსაფუძვლო ჯარიმებით სურთ მეტი ფულის ამოღება მოქალაქეებისგან. ამის გამო, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ კონტროლიორები" - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
გაბუნია ქალაქის მერიას მიმართავს, აღნიშნულ საკითხს ყურადღება მიაქციოს და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქრისტიან-დემოკრატები" სპეციალურ მობილურ ჯგუფებს შექმნიან, რომლებიც ტრანსპორტში კონტროლიორთა საქმიანობას დააკვირდებიან, ფაქტებს ფირებზე აღბეჭდავენ და საჭიროების შემთხვევაში,მას სასამართლოში მტკიცებულების სახით გამოიყენებენ.
ასევე, ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ კონტროლიორები ზოგჯერ ბილეთიან მგზავრებსაც კი აჯარიმებენ.

















