ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ 150 მანდატიან პარლამენტში 9 ქალის ყოფნა ძალიან
მცირეა. დეპუტატი ქალები მხოლოდ 6%-ს შეადგენენ.
როგორც დღეს კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, პარლამენტში ქალთა რაოდენობას საკმარისად გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, 3%-ისთვის კი, ეს მონაცემი ძალიან ბევრია.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, იმის თაობაზე, რომ ფინანსურად წახალისდებიან პარტიები, რომლებიც ქალების რიცხვს გაზრდიან, გამოკითხულთა 45%-ისთვის მისაღებია, 29%-ისთვის - არა, 25%-მა საერთოდ არ იცის ამ ცვლილებების შესახებ.
კითხვაზე - მომავალ საპარლამენტო არჩევნებში თანაბარი მონაცემების მქონე ქალი და მამაკაცი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში მისცემდით თუ არა ხმას ქალს, გამოიკვეთა, რომ რომ ქალს ხმას მამაკაცების 57% მისცემდა და ქალების 73%.
რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის მუშაობას არჩევით თანამდებობაზე, გამოკითხულ ქალთა 19% მიიჩნევს, რომ კაცები ქალებზე უკეთესად მუშაობენ. მამაკაცთა 46% ფიქრობს, რომ ორივე სქესის წარმომადგენლები ერთნაირად მუშაობენ.
NDI-ის კვლევა 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3 161 მოქალაქე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტო (sida)აფინანსებს და კავკასიის კველვითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

















