ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა.
როგორც კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, ქვეყანას არადემოკრატიულად გამოკითხულთა 34% მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ NDI-ის მიერ 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული ანალოგიური კვლევის დროს, გამოკითხულთა 45% მიიჩნევდა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად.
ნავაროს თქმით, გამოკითხული მოსახლეობის 58%-ისთვის დემოკრატია სიტყვის თავისუფლებასა და განსხვავებული აზრის მოსმენაში გამოიხატება, 39% ფიქრობს, რომ დემოკრატია კანონის წინაშე თანასწორობას ნიშნავს, 29% - ადამიანის უფლებათა დაცვას, 17%-სამუშაო ადგილების შექმნას, 17% - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, 15% - თავისუფლებას, ანუ შესაძლებლობას, აკეთოს ის, რაც სურს, 5% - მთავრობის ანგარიშვალდებულებას, ხოლო გამოკითხულთა 9%-მა საერთოდ არ იცის რა არის დემოკრატია.
NDI-ის კვლევა 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3 161 მოქალაქე გამოიკითხა.

















