კომპანია "ატილ შიფინგ ტრეიდინგის" კუთვნილ გემზე - "კლარე" მომუშავე ქართველი მეზღვაურები, რომლებიც რამდენიმე თვეა უსახსრობის გამო, ესპანეთიდან წამოსვლას ვერ
ახერხებენ, სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა.
ქართველი მეზღვაურების დაბრუნება საქმეში ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ჩართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მეზღვაურთა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას და სამშობლოში მათ დაბრუნებას ITF თავის თავზე იღებს.
პროფკავშირების ინფორმაციით, ოფიციალური მხარე უკვე მოგვარებულია და შესაბამისი დოკუმენტებიც მზადაა.
მეზღვაურები ნუგზარ კონცელიძე, გელა შაინიძე, იმედა პაპიძე და კახა ჩხიკვაძე სამშობლოში დაბრუნებას ანაზღაურების გადაუხდელობის გამო ვერ ახერხებდნენ. გემის მეპატრონე ესპანეთში ჯართად ჩასაბარებლად ჩაყვანილი გემის გაყიდვამდე მათი კუთვნილი ანაზღაურებას ვერ უხდიდა.

















