"გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" წევრები "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ.
როგორც "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მომზადებულია ორი საკანონმდებლო წინადადება, რომელის "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
მისი თქმით, ცვლილებების შემდეგ ნებისმიერი პირის მიერ კონკრეტულ ტერიტორიაზე საქმიანობის წარმოება და გარემოს დაბინძურება სანქციების გარეშე იქნება შესაძლებელი.
"ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაყიდოს გარემოს დაბინძურების, დაწვის, მოწამვლის უფლება. ეს კი საქართველოს ბუნების განადგურებას ნიშნავს"- განაცხადა ჩხარტიშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამ პირს შორის შესაძლებელია დაიდოს შეთანხმება, რომლითაც პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ყველა ქმედება კანონიერად ითვლება.
შეთანხმება დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფოსთვის კომპენსაციის გადახდის საფუძველზე დაიდება.

















