სტუდენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სწავლის საფასურის დაწესების საკითხის გადახედვას სთხოვენ.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის წინ გამართულ აქციაზე "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, წახალისების მიზნით, წარმატებული სტუდენტები სწავლის გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, არიან სტუდენტები, რომლებიც ლექციებს არც კი ესწრებიან, მაგრამ გრანტით ფინანსდებიან, წარმატებულ სტუდენტებს კი - მაღალი გადასახადის გადახდა უწევთ, რისი შესაძლებლობაც ბევრს არ აქვს.
"დაუყოვნებლივ აღადგინეთ და აღუდგინეთ სტუდენტის სტატუსი ყველა იმ ყოფილ სტუდენტს, რომლებსაც შაუწყდათ ან შეუჩერდათ სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო" - მიმართა ალექსანდრე კობაიძემ სამინისტროს.
მისი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სრულად უნდა გააკონტროლოს კომერციული სასწავლებლების მიერ სწავლის გადასახადის დაწესების საკითხი, მათ საფასურის ოდენობის ზღვარი სწავლის ხარისხის მიხედვით უნდა განესაზღვროთ.
აქციას აღნიშნულ საკითხზე პარასკევს ისევ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მას გაცილებით მეტი მონაწილე ეყოლება.

















