განახლებული ფორმატით ტელეკომპანია "მაესტრო" ეთერში დღეს საღამოს გავა.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა.
გარდა ფორმატისა, ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებიცაა - "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას რადიო "მაესტროს" საინფორმაციოს უფროსი ხატია ქვათაძე შეასრულებს. ყოფილი ხელძღვანელი თამარ რუხაძე მუშაობას სტუდია "ჯი-ენ ეს"-ში აგრძელებს.
"ტელეკომპანია "მაესტრომ" სამაუწყებლო ბადეში 3 ახალი გადაცემა დაამატა. ერთი გადაცემის სახელწოდება უკვე გადაწყვეტილია -"ღია კარის დღე", სადაც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკოსის ერთი დღე. გარდა ამისა, კიდევ ორი გადაცემა იგეგმება - ერთი ბლოგერებს დაეთმობა და მეორე ქართული და უცხოური პრესის მთელი კვირის მიმოხილვაზე აიგება. მათი სახელწოდებები ჯერ-ჯერობით არ გადაგვიწყვეტია" - განაცხადა მამუკა ღლონტმა.
მისივე განმარტებით, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ტელეკომპანიაში თავის გადაცემით "აკრედიტაციის გარეშე" უცვლელად რჩება.
ტელეკომპანია "მაესტრო" რადიო "მაესტროს" ოფისში გასული წლის ბოლოს, ტელეკომპანიის დამფუძნებლებსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ გადავიდა.

















