საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად საგანში ”მსოფლიო კულტურა” დასრულდა.
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს, დღეს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ ,,მსოფლიო კულტურის” საგნის თემატიკის შემოქმედებითად გააზრება და მისი დაკავშირება მათ გარშემო არსებულ რომელიმე კონკრეტულ ცხოვრებისეულ რეალობასთან.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც წარმოადგინეს როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივად შესრულებული ნამუშევრები. 120 ნაშრომიდან კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, 14 გამარჯვებული ესე გამოავლინა.
პირველი ხარისხის დიპლომი და ფულადი პრიზი 700 ლარის ოდენობით გადაეცა 3 ესეს ავტორებს, მეორე ხარისხის დიპლომი და 500 ლარი - 4 ესეს ავტორებს და მესამე ხარისხის დიპლომი და 300 ლარი კი, - 7 ესეს ავტორებს.