საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ ალუდა გოგლიჩიძემ,
კომისიის მუშაობის შედეგებზე, დღეს საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც განათლების სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, იმ პირთა დავებს სწავლობს, რომელთაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, კომისიის სახელზე 1000-მდე განცხადებაა შესული და თითოეულ მათგანს კომისია ინდივიდუალურად განიხილავს. ამ ეტაპზე 150-მდე განცხადების პირველადი განხილვა განხორციელდა, მომდევნო ეტაპზე კი კომისიის მიერ დასკვნები მომზადდება. კომისიის დასკვნა თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
„სპეციალური კომისია პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ იმ შემთხვევებს განიხილავს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 2006 წლის 1 იანვრიდან კომისიის შექმნამდე, ანუ 2012 წლის დეკემბრამდე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე პოლიტიკური დევნის შესახებ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი განმცხადებელს ეკისრება“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში.