თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული საშეღავათო პაკეტი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად ვაუჩერების გადაცემას ითვალისწინებს,
მოსახლეობას გაცილებით დიდ შეღავათს მისცემს, ვიდრე მტავრობის მიერ გატარებული სატარიფო პოლიტიკა, რომლის მეშვეობიტაც, ელექტროენერგიის გადასახადი 3,54 თეთრით შემცირდა.
დედაქალაქის მერმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ვაუჩერიზაციის პროგრამის დეტალებზე ისაუბრა.
„2013 წლის თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში რეგისტირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს. სოციალურად დაუცველი ოჯახები კი, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული 250 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში, თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე 20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 8 ლარითა და 45 თეთრით ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება. ანუ წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული. საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, ოჯახები რომლებიც თვეში 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 3 ლარით და 54 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე არ შეეხება თბილისში მცხოვრებ იმ 50 000 ოჯახს, რომლებიც ე.წ. მე-3 კატეგორიის გადამხდელებს მიეკუთვნებიან.
თბილისში მცხოვრებ იმ 40 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 არ აღემატება, კომუნალური გადასახადების დასაფარად სააბონენტო ანგარიშზე ასევე 100 ლარი დაერიცხებათ. ამასთანავე პირად ანგარიშზე ისინი წლის განმავლობაში დამატებით 150 ლარს მიიღებენ“ - განაცხადა უგულავამ.
მერიის კომუნალური ვაუჩერი 8 ლარის და 40 თეთრის თანაგადახდას, დასუფთავების გადასახადზე, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე წყლის ტარიფის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს.
ყველაფერ ამასთან ერთად, ძალაში რჩება ზამთრის პერიოდში დასუფთავების ტარიფის განახევრების შესახებ, საკრებულოს მიერ გასულ თვეს მიღებული გადაწყვეტილება- აცხადებენ მერიაში.