საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს და მთლიანად კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
მილოცვის ტექსტი პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი კათოლიკური სამყაროსთვის. ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი ქართველ კათოლიკეებს. ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ, კეთილდღეობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს.
დიდია ქართველი კათოლიკეების წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ისინი საუკუნეების განმავლობაში იღვწოდნენ ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და დღესაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. საქართველო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლოა და თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს - ამ ქვეყნის სიყვარული. ერთად ვილოცოთ მისი წინსვლისა და კეთილდღეობისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მილოცვაში.