საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციითა და მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ჩართულობის შედეგად,
პანამის რესპუბლიკის პორტ ბალბოასთან სარეიდო სადგომზე მყოფ, სენტ კიტსის და ნევისის დროშის ქვეშ მცურავ გემ „Maria del Carmen 2“-ის ეკიპაჟის ქართველი წევრები სამშობლოში დაბრუნდებიან.
ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ორ ეტაპად ჩამოვლენ. პირველი ნაკადი 25
დეკემბერს, მეორე კი 26 დეკემბერს დაბრუნდება.
12 ქართველი მეზღვაურის პანამიდან-სტამბოლამდე მგზავრობის ხარჯებს ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ორგანიზაცია (ITF) ფარავს, ხოლო სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით მგზავრობის ხარჯები საქართველოს ხელისუფლებამ გაიღო.
შეგახსენებთ 2012 წლის 3 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული ინფორმაციის თანახმად, პანამის რესპუბლიკის პორტ ბალბოასთან, სარეიდო სადგომზე მყოფ, სენტ კიტსის და ნევისის დროშის ქვეშ მცურავ გემ „Maria del Carmen 2“-ზე პრობლემური ვითარება შეიქმნა, რომლის ეკიპაჟის შემადგენლობაშიც საქართველოს 12 მოქალაქე იყო. კაპიტნის განმარტებით, ხსენებული გემი 3 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა სარეიდო სადგომზე საწვავის მარაგის გარეშე. გემთმფლობელი ნიგერიული კომპანია „Ocean Crest International Servisces ltd“ - სგან ეკიპაჟის მიმართ არსებობდა 4 თვის სახელფასო დავალიანება და ეკიპაჟს ჰქონდა 3 დღის სამყოფი საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლის მარაგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ გაუსაძლის პირობებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხსენებული საკითხის ადგილზე გარკვევისა და მეზღვაურებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, პანამის რესპუბლიკაში მექსიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიავლინა, რომელმაც მოლაპარაკებები აწარმოა, როგორც გემთფლობელ კომპანიასათან, ისე გემის ეკიპაჟთან და ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ITF).