მასწავლებლის სახლში, დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განახლებული კონცეფციის განხილვა მოეწყო.
ცენტრის ხელმძღვანელმა და კონსულტანტებმა პედაგოგებს დაგეგმილი პროექტები და აქტივობები გააცნეს და მათი წინადადებები მოისმინეს. ღონისძიებას განათლების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკას ატარებს. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, ახალი კონცეფცია შემუშავდა, რომელიც პედაგოგების საჭიროებების კვლევასა და მასზე დაფუძნებით მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების განახლება-განვითარებას ითვალისწინებს.
კონცეფციაში ასახულია ასევე დამწყები პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მეთოდები, მასწავლებლების უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, სკოლების მართვისა და სწავლების ხარისხის ამაღლება და სხვ.
კონცეფციის განხილვას პირველ ეტაპზე თბილისისა და ახლომდებარე რეგიონების 100-ზე მეტი პედაგოგი დაესწრო. დანარჩენი რეგიონების მასწავლებლებთან დოკუმენტის განხილვა ახლო მომავალში მოხდება, რის შემდეგაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

















