მცხეთა–მთიანეთის ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (OECI), ტყეების
მდგომარეობის შეფასებისა და ფოტო–ფიქსაციის მიზნით,
2012 წლის ნოემბერში და დეკემბერში დუშეთისა და თიანეთის სატყეო უბნებზე საველე გასვლები განახორციელა.
მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, დარგის სპეციალისტები რეგიონის ტყეებში არსებულ
მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ.
უკვე დეგრადირებული სატყეო უბნები, სადაც ტყის სიხშირე კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა, ბოლო პერიოდამდე, მათ შორის, ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც მასობრივად, ყოველგვარი კონტროლის გარეშე იჩეხებოდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მამულ მამულაშვილის თქმით, თიანეთის გამგეობა, ტყეების უკანონო ჭრის გაკონტროლებას საკუთარი ძალებით იწყებს.
„რა რესურსიც გაგვაჩნია, ვცდილობთ, რამენაირად მაინც შევაჩეროთ ჩვენი ტყეების მასიური ჩეხვა. 90–იანი წლებიდან დაწყებული, თიანეთის ტყეებიდან ყოველწლიურად აუარებელი ხე–ტყის მასალა და შეშა გადის, თითქმის ისე, რომ რაიონის ბიუჯეტში ერთი თეთრი არავის გადაუხდია“ – აცხადებს მამულაშვილი.
ადგილობრივების განცხადებით, შეშის ჭრის მოტივად, სამხედრო ნაწილების შეშით უზრუნველყოფა სახელდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, OECI–მ თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უკვე მიმართა.

















