საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ
საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შპს ”საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” წარუდგინა და აღნიშნული კომპანიის მიერ 2013 წელს განსახორციელებელი საქმიანობის გეგმები გააცნო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, მიმდინარე წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაააფუძნა. ამავე წელს მისი 100%-იანი წილი, მართვის უფლებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. კომპანია აქტიურად მუშაობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც მისი მოკლე და გრძელვადიანი გეგმები განსაზღვრული იქნება.
სამინისტროს ინფორმაციითვე, 2013 წელს კომპანია აპირებს მოაწესრიგოს თელავის, მცხეთის გორის, ახალციხის, ქუთაისის, ამბროლაურის ზუგდიდის და ოზურგეთის ნაგავსაყრელები. ამ მიზნით დაგეგმილია ნაგავსაყრელებთან მისადგომი გზების რეაბილიტაცია, საკონტროლო-გამშვები ჯიხურების მშენებლობა, ნაგავსაყრელებზე არსებული ნარჩენების გადაადგილება განსაზღვრულ უჯრედში, სანიაღვრე წყალარინების შექმნა და ნაგავსაყრელების შემოღობვა.

















