თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET-აისეტი) ხვალ,
საქართველოს მაკროეკონომიკური ყოველთვიური მიმოხილვის პრეზენტაციას გამართავს.
თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის მაკროეკონომიკური ანგარიში, რომელიც მზადდება ISET-ის კვლევით ინსტიტუტის მიერ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად.
პრეზენტაციას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის.
ანგარიშის შესახებ მოკლე ინფორმაციას კი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და აისეტის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი გიორგი ბაქრაძე წარადგენენ.
პრეზენტაცია, საქართველოს ეკონომიკის შესახებ ზოგადი სურათის წარმოდგენას, საქართველოს ეკონომიკის ყოველთვიურ სექტორულ ანალიზს, მოცემული თვის განმავლობაში მომხდარი ეკონომიკური მოვლენებისა და შოკების იდენტიფიცირებას და მათ ახსნას და ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების ანალიზს მოიცავს.
ანგარიშში განხილული იქნება ის ეკონომიკური მოვლენები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოში მოცემული თვის განმავლობაში. მასში თანმიმდევრულად არის განხილული ქვეყნის ეკონომიკის რეალური, მონეტარული, ფისკალური, ფინანსური და საგარეო სექტორები. მაკროეკონომიკური ანგარიში ასევე განიხილავს მსოფლიო ეკონომიკაში მომხდარ იმ მოვლენებს, რომლეთაც გავლენა მოახდინეს საქართველოზე.
საქართველოს მაკროეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა წარმოადგენს მოკლე, მაგრამ ინფორმაციულად და ანალიტიკურად მდიდარ დოკუმენტს, რომელშიც ხელმისაწვდომი ფორმით არის მოცემული საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი.

















