საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, მაკედონიიდან, „პროექტ ჰარმონიის“(PH International) გაცვლითი პროგრამის ჯგუფს შეხვდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები იყვნენ.
„პროექტი ჰარმონიის“ გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს მაკედონიელი კოლეგებისთვის „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ 4-წლიანი გამოცდილების გაზიარებას.
პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და ორიენტირებულია მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციაზე.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ სასკოლო კომპონენტების შესახებ. გაცვლითი პროგრამის მიზანი არსებული პრაქტიკის დემონსტრირება და გაზიარებაა, ვინაიდან მსგავსი პროგრამა ორიოდე თვის წინ დაიწყო მაკედონიაში.

















