სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში არასამთავრობო სფეროში მოღვაწე განათლების სპეციალისტები ჩაერთვნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელოსათვის გრიფირების მინიჭების შესახებ შემთანხმებელი კომისიის შემადგენლობაში, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი.
2012 წლის დეკემბრიდან გრიფირების კომისიის შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), PH International, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და ორგანიზაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ასეთი შემადგენლობით კომისიის შექმნის მიზანი განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალეობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვაა.

















