რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია,
აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ქეით ჯულიანს და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰაუზერს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესსა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომლებსაც სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს. მათ შორისაა - გზების, ხიდებისა და გვირაბების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები.
სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ყურადღება სწორედ აღნიშნული პროექტების მიმდინარეობასა და სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე გამახვილდა.

















