საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მეტოქე 2013 წელს ალბანეთის ნაკრები იქნება.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს და ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციები შეთანხმდნენ, რომ ამ ქვეყნების ნაკრებები ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს 6 თებერვალს შეხვდებიან.
საქართველომ და ალბანეთმა 2012 წელის თებერვალში თბილისში ითამაშეს, სადაც მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს, ამჯერად კი მატჩი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება.
„საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელები გეგმავდნენ, რომ 2013 წელს პირველ ამხანაგურ მატჩს ლუქსემბურგთან ჩაატარებდნენ, რომელთანაც აგვისტოში სტუმრად ითამაშეს და ამ ნაკრებს ახლა ერთგვარად ვალი უნდა დაებრუნებინა თბილისში ჩამოსვლით, მაგრამ ლუქსემბურგელები რატომღაც სომხებს შეუთანხმდნენ 5 თებერვლისთვის და საქართველოს ნაკრებს ახალი სპარინგ-პარტნიორის მოძებნა მოუხდა“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

















