ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტზე შესული საჩივრის საფუძველზე შექმნილმა კომისიამ კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინა.
გეზრულის მოსახლეობა შპს „ვუდ ექსპორტის" მიერ ტყის გაჩეხვას აპროტესტებდა
კომისიის წევრებმა შპს ,,ვუდ ექსპორტ"-ზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობების და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობა შეამოწმეს, რის შედეგადაც შედეგად გამოვლინდა 117 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის (საერთო მოცულობით 67,23 მ3) უკანონო ჭრის ფაქტი, აგრეთვე ტყეკაფში დანიშნული რამდენიმე ხე, რომელიც არ ექვემდებარებოდა ჭრას.
უკანონო ჭრის შედეგად გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 29965,92 ლარი შეადგინა, გაუწმენდაობით მიყენებულმა ზიანმა - 31887 ლარი, ჭრის შედეგად მოზარდ-აღმონაცენის დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა - 1760 ლარი, სხვა ქმედებით მიყენებულმა ზიანმა - 570,24 ლარი. სულ კი შ.პ.ს ,,ვუდ ექსპორტ"-ის მიერ განხორციელებული ქმედებებით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 64183,16 ლარი შეადგინა.
შემოწმების მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა. აგრეთვე შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, შპს „ვუდ ექსპორტის" მიერ სპეციალური ლიცენზიის პირობების დარღვევის თაობაზე.

















