ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79 პროცენტი მიიჩნევს,
რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდა, ხოლო 12 პროცენტი თვლის, რომ გარკვეულ გაყალბებას ადგილი ჰქონდა.
რესპონდენტების 58 პროცენტის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 11 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მოსახლეობისთვის ორ უმთავრეს პრიორიტეტად კი, კვლავ სამუშაო ადგილები (56 პროცენტი) და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა (35 პროცენტი) რჩება.
მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ, NDI–ის აგვისტოს კვლევასთან შედარებით, სტატისტიკურად უცვლელია. კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა უპასუხა „დიახ“, ხოლო 40-მა პროცენტმა – „არა“.
წინა კვლევასთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ასევე მოსახლეობის მოლოდინები მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ. მოქალაქეების უმეტესობა თვლის, რომ მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი აქტიური იქნება და მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენს. აგვისტოს კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევდა, რომ მათი მაჟორიტარი დეპუტატი „იმას გააკეთებდა რასაც პარტია ეტყოდა“ და 40 პროცენტზე ნაკლები მოელოდა, რომ ის აქტიური იქნებოდა და მოსახლეობის ინტერესებს დაიცავდა.
„აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და დემოკრატიისადმი დამოკიდებულება ძირითადად უცვლელი დარჩა, ხოლო მოლოდინები მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ პოზიტიურისკენ შეიცვალა. საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენენ“ - განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ.
კვლევა ამა წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

















