ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო წლის გამოცხადების ცერემონია გაიმართება.
2013 წლის 8 თებერვალს, უნივერსიტეტი 95 წლის გახდება. იუბილეს აღსანიშნავად, უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებით პროექტების და ღონისძიებების ციკლს გეგმავს. საიუბილეო წლის გამოცხადებაზე ორი პროექტი იქნება წარდგენილი.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება სტუდენტური ფოტოკონკურსის „UNI კადრი“ საუკეთესო ფოტოების გამოფენით გაიხსნება. ფოტოკონკურსი უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში ტარდებოდა, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეღოთ უნივერსალური კადრი უნივერსიტეტის შესახებ. კონკურსში სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დასახელდება. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო თანხა 600 ლარი, უნივერსიტეტის საუკეთესო პორტრეტის, შენობის ფასადის ან დეტალის საუკეთესო ფოტოკადრის, ასევე სასწავლო პროეცესისა და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი საუკეთესო კადრის ავტორებს გადაეცემათ. ელექტრონული წიგნების პორტალი lit.ge, თავის რჩეულს გამოავლენს, რომელიც საუკეთესო ფოტოს ავტორს "იოტა-რიდერით" ხოლო გამარჯვებულ სამეულს ვაუჩერებით დააჯილდოვებს.
გაიმართება აგრეთვე მეორე სტუდენტური პროექტის - „სექტორი 12“-ის ფინალიც. პროექტის უკვე გამოვლენილი 12 ფინალისტი საბოლოო ტურს გაივლის. ერთი გამარჯვებული მთავარ პრიზს, ფულად პრემიას - 1000 ლარს მიიღებს.
ცერემონია დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

















