სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში,
დღეს გამართულ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად ევროპის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში, ევროპის ჩემპიონატების მეორე და ორგზის მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში, 2004 წლის ათენის და 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ღირსების მედლის კავალერი - დავით ქევხიშვილი აირჩიეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყრილობაში ხმის მიცემის უფლების მქონე 47 დელეგატიდან 41-მა მიიღო მონაწილეობა. ფედერაციის პრეზიდენტობაზე განაცხადი დავით ქევხიშვილის გარდა, თემურ ხუბულურმა და ირაკლი ცირეკიძემაც შეიტანეს, თუმცა საკუთარი კანდიდატურა მოგვიანებით ორივემ მოხსნა.
ახალი ხელმძღვანელი ძიუდოს ფედერაციას მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს. ვიცე-პრეზიდენტებს და გენერალურ მდივანს, დავით ქევხიშვილი უახლოეს პერიოდში დაასახელებს.
ფედერაციის ყრილობას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.

















