„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალს ეხება.
ანგარიშის თანახმად, ამ სკანდალში მონაწილეობდნენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და მათი კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“, რომელმაც 6, 200–მდე ოჯახის მიერ, ბინების მშენებლობისთვის გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლების სტატუსი და კავშირები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში ბადებს ეჭვს, რომ ეს კავშირები მათ დაეხმარა თავიდან აეცილებინათ პირადი პასუხისმგებლობა კლიენტებისთვის მიყენებული ზარალისთვის.
ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ანგარიშით, „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ 70 კომპანიისგან შედგება, მათ შორის 55 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და 15 ამხანაგობა, რომელიც საქართველოში ცნობილ სამ ადამიანს - ვახტანგ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ეკუთვნის. ამასთან, ამ ჯგუფმა გამოიყენა ვრცელი „პირამიდის/პონზის სქემა“, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანიამ ვერ შეძლო თავდაპირველი კლიენტებისთვის ბინების აშენება, „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ დაიწყო შემდგომი კლიენტების თანხების გამოყენება თავდაპირველი კლიენტებისთვის ბინების ასაშენებლად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მმართველების საქმიანობას არაეფექტურად და ზოგ შემთხვევაში გაუმართლებლად აფასებს, რის გამოც შეჩერდა 30 სამშენებლო პროექტი და 6, 200–მდე ოჯახი (დაახლოებით 30 000 ადამიანი) დაპირებული ბინების გარეშე დარჩა. საერთო ჯამში კი, „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ 310 მილიონი დოლარი მიიღო სამშენებლო პროექტების დასრულებისთვის, თუმცა აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ახალი მთავრობა დაინტერესდეს „ცენტრ პოინტი ჯგუფით“ და დაიწყოს ამ საქმის დეტალების სიღრმისეული გამოძიება. ორგანიზაციის პოზიციით, უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა დაზარალებული კლიენტის საქმის სრული და ობიექტური გამოძიება გონივრულ ვადაში. ამასთან, დაზარალებულებმა უნდა შეძლონ ბინებზე საკუთრების რეგისტრაცია და მიყენებული ზარალის შესაბამისი კომპენსაციის მიღება.

















