წიგნის მაღაზია "ლიგამუსში", დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორების და სტუდენტების ჯგუფი,
მათ მიერ ყვარლის რაიონში ახლახან აღმოჩენილი დურუჯისპირა (დოლოჭოპის) ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგებს წარმოადგენენ.
ილიაუნის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოირკვა, რომ ეს გახლავთ 5 წყვილი სვეტით სამ ნავად დაყოფილი, ნახევარწრიულ აფსიდიანი გრანდიოზული ბაზილიკა. ის საქართველოში ცნობილ ბაზილიკის ტიპის ტაძართაგან უდიდესია და ერთ–ერთი უძველესიც. დურუჯისპირა ბაზილიკა 8 მეტრით აჭარბებს ბოლნისის სიონის ბაზილიკის სიგრძეს და ამ ტაძარზე დაახლოებით ნახევარი საუკუნით ადრეულიც ჩანს.
გათხრებისას დადასტურებული არქაული ხუროთმოძღვრული ელემენტებიდან გამომდინარე, ეს ბაზილიკა ახლოს დგას რომაულ–ბიზანტიური ტიპის პირველ ქრისტიანულ ბაზილიკებთან და სავარაუდოდ, მისი მოდელი V ს–ის პირველ ნახევარში, სწორედ ამ ცნობილი ტაძრებიდან უნდა იყოს გადმოღებული.
პრეზენტაციის ძირითადი მომხსენებელი ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ბახტაძე იქნება.
პრეზენტაცია დღეს 17:00 საათზე გაიმართება.

















