ქალთა სამოქალაქო მოძრაობა ,,თამარიონი” მხარს უჭერს ქართული საზოგადოების მოთხოვნას სამართლიანობის აღდგენისათვის.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „თამარიონი“ მიესალმება საყოველთაო ფართომაშტაბიანი ამნისტიის განხორციელებას პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების განთავისუფლებისათვის და ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„როგორც ქალთა მოძრაობა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ამ მეტად დროული პოლიტიკური აქციის განხორციელების მნიშვნელობასა და შინაარსს ჩვენი საზოგადოების სამართლებრივი განვითარების პერსპექტივის კუთხით, რადგან გვჯერა, რომ სწორედ სამართლიანობის უკიდურესმა დეფიციტმა და კრიზისმა მიიყვანა ჩვენი საზოგადოება იმ რეპრესიებამდე და დესპოტიზმამდე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი წლების განმავლობაში თავს ახვევდა ქართველ ხალხს. მეორეს მხრივ, სწორედ სამართლიანობის მოთხოვნა და მისი აღდგენის უკიდურესი სურვილი გახდა ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრისა და 2012 წელს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების მთავარი მუხტი და ერისთვის სიცოცხლის გაგრძელების მოტივაცია. ჩვენი მოძრაობა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ყურადღებით დააკვირდება პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საპყრობილეებიდან დროულად გამოსვლისა და მათი რეაბილიტაციის პროცესს, რადგან ნაცმოძრაობის უსასტიკესი რეჟიმის მარწუხებიდან გამოხსნილი ჩვენი თანამემამულეების, როგორც საზოგადოების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი რესურსის ფსიქოლოგიური, სოციალური და მატერიალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა იქნება ის უმთავრესი პრიორიტეტი, რასაც ჩვენი ორგანიზაცია დაისახავს თავისი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზნად”- აცხადებენ მოძრაობაში.

















