საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დღეს საჯარო რეესტრის სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს ესტუმრა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი სსიპ-ების თანამშრომლებს შეხვდა და უწყებებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამართლიანი სამართლებრივი გარემოს შექმნაა, მაგრამ თვით ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილებაც კი, მისი ეფექტური აღსრულების გარეშე, ძალას კარგავს. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია სწორედ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აკისრია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის სააგენტოს, მისი გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი პირობა უძრავი ქონების, მიწის სწრაფი რეგისტრაცია, ქონებრივი დავების - გადაფარვების არარსებობაა“ - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომლებიც სააგენტოების წინაშე დგას და თანამშრომლებს მათი გადაჭრის ხედვები გააცნო. მისივე განცხადებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყადაღის, იპოთეკური სესხის და სხვა მსგავსი სერვისების საფრთხეებს განუმარტავს და მათ არასწორი გადაწყვეტილებებისაგან დაიცავს.

















