საქართველოს პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 7 შენობა გარემონტდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც.
კონკრეტულად კი, წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება გორში, მეჯვრისხევის ქ.№24ბ-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში.
თბილისში, კაიროს ქ.№20-ში, კასკადის ქ.№41-ში , ძმები გარიშვილების ქ.№7-სა და კახეთის გზატკეცილის №25-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში კი, სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
სამინისტროს ცნობითვე, მასშტაბური სამუშაოები ჩაუტარდება თბილისში, ბაბუცუძის ქ.№12-ში მდებარე შენობასაც, სადაც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ობიექტის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთება მოხდება.
სამუშაოების ჩატარებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, 2012 წლის ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დააფინანსებს.

















