ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, დღეს გამოფენა „ფიროსმანი - 150“ გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლის იუბილე შეტანილია იმ ღონისძიებათა ნუსხაში, რომლის აღნიშვნაშიც 2012-2013 წლებში UNESCO მონაწილეობას მიიღებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული ნიკო ფიროსმანის 110 ნამუშევარი. ნამუშევრებთან ერთად, დამთვალიერებელი გაეცნობა უნიკალურ ფოტომასალას, სადაც ნაჩვენები იქნება ფიროსმანის თანამედროვე თბილისი, ის ქუჩები, სადაც მხატვარი ხშირად დადიოდა, სცენები, რომელსაც ხატავდა. ასევე, წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საპრეზენტაციო ხასიათის ვიდეომასალა.
გამოფენა ასევე დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, შალვა ქიქოძის და კირილე ზდანევიჩის ნამუშევრებსაც მასპინძლობს.

















