საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, ხვალ, სასტუმრო „ამბასადორში“ კონფერენცია გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, კონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელები პროექტს „მშრომელთა უფლებებისა და შრომის სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების მიერ გამოყოფილი სესხის საფუძველზე“ - შეაჯამებენ.
პროექტი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განახორციელა და მისი მიზანი იყო იმ კომპანიებში, რომლებმაც მსოფლიო ბანკისა (WB) და ევროპული რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისაგან მიიღეს შეღავათიანი და მომგებიანი სესხები, განსაკუთრებული ყურადღება მიქცეოდა დასაქმებულთა შრომით უფლებებს.
პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარ კომპანიებს შორის არიან „თბილღვინო“, „ურბან ენერჯი-ფარავანი“, „აფთაუნ რაკიინ ჯორჯია“, „საქართველოს ბანკი“, „ თიბისი ბანკი“ და „სინოჰიდრო“.
პროექტი მიმდინარეობდა, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში.

















