საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე , საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა სავაჭრო პალატის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილემ მიმართეს. თეა წულუკიანმა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რაზეც იუსტიციის სამინისტრო ამჟამად მუშაობს.
„პირველი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სასამართლო სისტემას ეხება. საჯარო განხილვების, სასამართლოს სისტემის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, პარლამენტში განსახილველად შევიტანეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემს მხოლოდ კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს ემყარებოდეს. ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ. სამართლიანობის აღდგენა გახლავთ ასევე ის მთავარი დაკვეთა, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგვცა“ - განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად, ისაუბრა ასევე, პროკურატურისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ, ამნისტიის კანონზე, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე. მინისტრის განცხადებით, სწორედ ბიზნესმენთა მხარდაჭერაა საჭირო შრომის კოდექსზე მუშაობისას, რადგან ბიზნესმენები არიან ის ადამიანები ვინც სამუშაო ადგილებს ქმნიან. „ჩვენ არ ვაპირებთ შევქმნათ სოციალისტური შრომის კოდექსი, თუმცა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ის კოდექსი, რომელიც დღეს მოქმედებს ლიბერალურია“ - აღნიშნა წულუკიანმა.
აქვე მან იმ ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში არსებობს და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში ბიზნესს არჩევანის საშუალება არ ჰქონდა.
„მთელი ეს პერიოდი ბიზნესი ემორჩილებოდა წესებს, რომელიც ყოფილმა მმართველმა გუნდმა დაადგინა. ეს წესები ემსახურებოდა ერთს - ბიზნესის ტერორს. ახალმა მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო გაფრთხილება, თუ რომელიმე მინისტრი დაუმეგობრდება ბიზნესმენს, ან გადაწყვეტს მისთვის ფულის წართმევას ის დატოვებს თანამდებობას და თუ ამის საჭიროება იქნა პასუხს აგებს კანონის წინაშე. ჩვენ ვეცდებით ყველა პირობა შევუქმნათ ბიზნესს განვითარებისთვის და რეალური ინვესტიციების მოზიდვისთვის“ - განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას, რომლის პრეზიდენტია სარა უილიამსონი, 170 წევრი ყავს. „რედისონში“ გამართულ შეხვედრას როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

















