სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია „დაჩ ორგანიქ ფარმ“-მა
ქარელის რაიონში ფუნქციონირება დაიწყო.  
როგორც კომპანიამ „ნიუსპრესს“ აცნობა, შპს „დაჩ ორგანიქ ფარმი“ წარმოადგენს საქართველოში პირველ ფართოპროფილურ ორგანულ საწარმოს, რომლის მიზანიც,  ორგანული სოფლის მეურნეობისთვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა და ბიოლოგიურად სრულფასოვანი პროდუქციის წარმოებაა. 
კომპანიის ინფორმაციითვე, „დაჩ ორგანიქ ფარმი“ განსაკუთრებულ ყურადღებას  ორგანული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის გზით, დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აღდგენას უთმობს. კომპანიამ საქმიანობა ქარელის რაიონში მის კუთვნილებაში არსებული 14 ჰა-მდე სახნავი ფართობის რეაბილიტაციით დაიწყო. 
ნაკვეთის მომზადება  მიმდინარე წლის ნოემბერში მოხდა, რის შემდეგაც  საფარი და სიდერატი კულტურები დაითესა , რომელიც  ზამთრის პერიოდში ნიადაგის დაცვას და მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ხოლო გაზაფხულზე მიღებული ბიომასა,  მწვანე სასუქის სახით ჩაიხვნება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












