თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური შემეცნებითი პროექტი „სექტორი 12“ დაიწყო.  
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პროექტი  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის და მისი მიმდებარე ტერიტორიის   12 პირობით სექტორად დაყოფას გულისხმობს. თითოეულ სექტორში იქნება სპეციალური კოდი, რომელსაც კონკურსანტები მინიშნებების ამოხსნის გზით მიაგნებენ. კოდების მოწოდების შემდეგ თითოეული მონაწილე იღებს კონკურსის სიმბოლოს. 12 სიმბოლოს მფლობელი 12 ფინალისტი ბოლო მინიშნებისთვის დეკემბერის დასაწყისში ერთმანეთს შეეჯიბრება და საუკეთესო მათგანი პროექტის გამარჯვებული გახდება.
უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, მონაწილეებიდან 20 საუკეთესო მოთამაშე ნახევარფინალში გადაინაცვლებს და ერთმანეთს გამჭრიახობასა და სისწრაფეში შეეჯიბრება. ფინალში გასული სტუდენტებიდან ერთი მონაწილე კი, პროექტის მთავარ პრიზს, ფულად პრემიას - 1000 ლარს მიიღებს.
პროექტი უნივერსიტეტის 95 წლის იუბილის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












