საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ნოემბრის ბოლოს საქსტატში ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა საქსტატისა და შვედეთის მხარეებს შორის.
საქსტატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქსტატის თანამშრომლები და შვედეთის სტატისტიკის საერთაშორისო საკონსულტაციო ოფისისა და Sida-ს წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია პროექტის ნახევარწლიანი მსვლელობის შეფასება, სამომავლო გეგმების შემუშავება და პროექტის შედეგების განხილვა. შეხვედრაზე საქსტატი პროექტის მომდევნო მისიების სამუშაო გეგმასაც წარადგენს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს მუშაობა.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

















