საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, კულტურის სამინისტროში მეორე მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „თანაშრომლობა კულტურის სფეროში: სამომავლო გეგმები“ - გაიმართება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კულტურულ ინსტიტუციებსა და სხვადასხვა ფონდებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება, მომავალი თანამშრომლობის გზებისა და საერთო ინტერესების განსაზღვრა.
მრგვალ მაგიდას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, ამავე კომიტეტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების კულტურის ატაშეები, საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.
პირველი მრგვალი მაგიდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 21 ნოემბერს მოეწყო, სადაც საქართველოს ქალაქების ისტორიულ უბნებში მიმდინარე მშენებლობებზე იმსჯელეს.

















