ნიუ-იორკში მოღვაწე არი როლანდის ჯაზ-კვარტეტი დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტებთან ვორქშოფს გამართავს. 
ილიას უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვარტეტის მუსიკა ჯაზის უდიდესი ოსტატების - ლუი არმსტრონგის,დიუკ ელინგტონისა და დიზი გილესპის მიერაა შთაგონებული, ხოლო დაკვრა კვარტეტის წევრებმა ნიუ-იორკის ჯაზის ცოცხალი ლეგენდებიდან ისწავლეს. კვარტეტის რეპერტუარში შედის როგორც სიმღერები ჯაზის ოქროს ხანიდან (1930-50 წწ), ისე საკუთარი კომპოზიციები, რომლებმაც საერთაშორისო ჯაზ-პრესის საყოველთაო აღიარება მოიპოვეს.
გარდა საკონცერტო ცხოვრებისა, ისინი ხელმძღვანელობენ ჯაზის
საერთაშორისო პროგრამებს, რომელთაც ერთად მოჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის
ახალგაზრდა ჯაზ-მუსიკოსები. როგორც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურულ
წარმომადგენლებს, კვარტეტს მსოფლიოს 40 ქვეყანაში 88 ტური აქვს ჩატარებული.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












