შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში, დღეს მსოფლიოს რვაგზის რეკორდსმენმა, პოლიციის კაპიტანმა იოსებ ხუციშვილმა,
თავის  რიგით მეცხრე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ხუციშვილმა  მარცხენა ხელის მუშტზე  30 წამში 50  აზიდვა შეასრულა, რის შემდეგ შესვენების გარეშე 30 წამში  მარჯვენა ხელის მუშტით 51 აზიდვა შეძლო.   
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხუციშვილის მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდი  საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა რეკორდსმენს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
პირველი მსოფლიო რეკორდი ხუციშვილმა  აზიდვებში და ორძელზე აზიდვებში  2010 წელს დაამყარა. 1996 წლიდან ის თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიშობს.  არის საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და 2004-2006 წლებში საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. იოსებ ხუციშვილის მიერ დამყარებული ახალი მსოფლიო რეკორდი მსოფლიოს რეკორდების ნუსხაში შევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში იგი  2007 წლიდან მუშაობს. მისი სარეკორდო ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












