რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ დირექტორმა ბიძინა ბრეგაძემ ახალქალაქში სარკინიგზო ხაზზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო კირბულახის ხიდის, ახალქალაქის საერთაშორისო სადგურისა და გვირაბების  მშენებლობის და ახალი ლიანდაგების დაგების პროცესს. ბიძინა ბრეგაძემ მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რკინიგზის სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესის შესახებ.
სამინისტროს ინფორმაციითვე, წალკა-ახალქალაქის მონაკვეთზე თაღოვანი გალერეის მშენებლობა შვეიცარიული ტექნოლოგიით და კონსტრუქციებით მიმდინარეობს. საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად 254 კმ სიგრძის ლიანდაგი გაივლის. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












