რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ,  
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მათ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ნინოწმინდაში მდებარე  ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი მოინახულა. ასევე გაეცნო წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხანდოს წყალზე.
მურღულიამ ახალციხის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში აშენდა 300 კუბურ მეტრიანი რეზერვუარი და ხორციელდება დაქსელვითი სამუშაოები. სამინისტროს ინფორმაციით,  სამუშაოების დროულად დასრულებას აფერხებს ის ფაქტი, რომ არჩევნების წინ ქალაქში სასწრაფოდ დაიგო ასფალტის საფარი. წყალმომარაგების რეაბილიტაციის სამუშაოები კი ამ ასფალტის გადათხრას და წყლის მილების ჩაყრას ითვალისწინებს, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის.
მინისტრის მოადგილემ ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის  სომხეთის საზღვართან  მდებარე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე ახალციხე-ღრელი-საფარის მონასტრის საავტომობილო გზისა და ბათუმი-ახალციხე-ზარზმა-ადიგენის საავტომობილო გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












