ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2012“ დაჯილდოების საღამო გაიმართა.
იმპროვიზაციული ტურის 10 მონაწილიდან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს. პირველი ადგილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დავით გორგილაძე გახდა, მეორე და მესამე ადგილი დავით ბაბიაშვილზე და რატი წეროძეზე გადანაწილდა. გამარჯვებულებს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრემიები - 1000, 700, 500 ლარი და კომპანია ჯეოსელის სპეციალური პრიზები გადაეცათ. კონკურსის ათივე ფინალისტი სერტიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენლები, კონკურსის ჟიურის წევრები და მონაწილეები დაესწრნენ.
ჟიურის შემადგენლობაში თანამედროვე ქართველი მწერლები შედიან ხოლო ჟიურის მეხუთე წევრი გასული წლის გამარჯვებულია. აღნიშნული ტრადიცია წელს ჩამოყალიბდა და კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ყოველ წელს პირველი ადგილის მფლობელი ავტომატურად მომდევნო წლის ჟიურის წევრი გახდება.
შემოდგომის ლეგენდა წელს მეოთხედ ჩატარდა. ლიტერატურული კონკურსი 2009 წელს იყალთოში და 2010 წელს ყვარლის ტბაზე გაიმართა, ხოლო 2011 წლის კონკურსს ლოპოტას ტბამ უმასპინძლა.

















