საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, დღეს საჯარო სკოლებში არსებული მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ამ შეხვედრით, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ეხმიანება ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად 20 ნოემბერს აღინიშნება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თბილისის სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლები. ასევე, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვთა მრჩეველთა საბჭო.
შეხვედრის მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ ჩატარებული მცირემასშტაბიანი კვლევა თბილისში სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრის შედეგად, ყველა ჩართული მხარის აქტიური მონაწილეობით, შემუშავდება რეკომენდაციები სკოლებში არსებული მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებისა და სასკოლო პროცესებში ბავშვთა მონაწილეობის ამაღლების მიზნით.
სამუშაო შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იმართება.

















