პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაცია, თელავში არსებულ ანტისანიტარიას აპროტესტებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თელავში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ანტისანიტარია შეინიშნება. ცენტრალური ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ორი, რიგ შემთხვევებში კი, სამი და მეტი დღის განმავლობაში არ გააქვთ. უფრო მძიმე მდგომარეობაა ქალაქის შიდა ქუჩებზე, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხშირ შემთხვევებში კვირის დაგვიანებით გააქვთ. შექმნილი მძიმე მდგომარეობა კი ქმნის ინფექციური დაავადებების მაღალ რისკს. ნაგვის ბუნკერებთან მომრავლდნენ მაწანწალა ძაღლებიც.
„ჩვენ გავარკვიეთ, რომ ქალაქის დასუფთავებას ოქტომბრის პირველ რიცხვამდე ახორციელებდა ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელსაც სახელმწიფოს მიმართ დაუგროვდა რამოდენიმე ასეული ათასი ლარის დავალიანება, ასევე ამ კონკრეტულ სამსახურს გააჩნია თანამშრომელთა მიმართ სახელფასო დავალიანება, რის გამოც საბოლოო ჯამში გაიფიცა კომპანიის მუშა-მოსამსახურეების ნაწილი. მუნიციპალიტეტის გამგეობამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ქალაქის დასუფთავებაზე ხელშეკრულება გააფორმა „კეთილმოწყობის“ სამსახურთან, მაგრამ სიტუაცია კვლავ რთულია გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ერთის მხრივ საკმარისი სპეციალური ტექნიკა ნარჩენების გასატანად და მეორეს მხრივ ამორტიზირებულია არსებული ავტოტრანსპორტი“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციია პრობლემის მოგვარების მოთხოვნით თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართავს.

















